• სკოლის შინაგანაწესი

  • სკოლის შინაგანაწესი

        •  

           

           

          ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება

           

           

           

          საქართველოს საპატრიარქო

          ა(ა)იპ ,,ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზია“  

           

           

           

           

           

           

          შინაგანაწესი

           

           

           

           

           

           

           

           

           

           

           

           

           

           

           

           

           

          ქობულეთი

          2024 წ.

           

           

          ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება

           ა(ა)იპ ,,ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის“

           შინაგანაწესის

           

           

          კარი I.

          “სკოლა-გიმნაზიისა და დასაქმებულის სამართლებრივი ურთიერთობა“

           

          მუხლი 1. ზოგადი დებულებები

          1.წინამდებარე შინაგანაწესი განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიასა“ (შემდგომში -„სკოლა-გიმნაზია“/“დამსაქმებელი“/) და „სკოლა-გიმნაზიასთან“ სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირების უფლება-მოვალეობებს და ქცევის ზოგად წესებს.

          2. შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის,  საქართველოს შრომის კოდექსის, სკოლის წესდებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

          3. შინაგანაწესის დაცვა და შესრულება თანაბრად ევალება გიმნაზიის ყველა თანამშრომელს, მოსწავლესა და მოსწავლის მშობელს.

           

          მუხლი 2. შინაგანაწესის მიზნები 

          1. შინაგანაწესის მიზნებია:

          ა)  გიმნაზიაზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაში ხელის შეწყობა;

          ბ) შრომითი დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

          გ) გიმნაზიაში დასაქმებული პირის შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;

          დ) სამუშაო დროის ეფექტური და რაციონალური გამოყენება;

          ე) დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის თანამდევი პროცესების მოწესრიგება;

          ვ) მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლისა და სკოლის ურთიერთობის რეგულირება.

          2. შინაგანაწესით განისაზღვრება:

          ა) შრომითი ურთიერთობის წარმოშობა, შეჩერება და შეწყვეტა;

          ბ)  შრომის ანაზღაურების გაცემის წესის რეგულირება;

          გ) სამუშაო და დასვენების დროის განსაზღვრა;

          დ) შვებულების სახეების და სარგებლობის წესის დადგენა;

          ე) დასაქმებულთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები;

          ვ) შრომის უსაფთხოების პირობები;

          ზ) სასწავლო პროცესის მონიტორინგი;

          თ) მოსწავლის გიმნაზიაში ჩარიცხვისა და ამორიცხვის წესი;

          ი) მოსწავლეთა წახალისების და დისციპლინური საქმის წარმოების წესი;

          კ) განცხადებებისა და საჩივრების განხილვის წესი

          ლ) დასკვნითი დებულებები.

           

          მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის პრინციპები

          1. შრომითი ერთიერთობა ეფუძნება დამსაქმებელისა და დასაქმებულის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, კეთილსინდისიერების და კოლეგიალობის პრინციპს და დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.

          2. სკოლა-გიმნაზიის არც ერთი თანამშრომელი, მიუხედავად მის მიერ დაკავებული თანამდებობისა და გიმნაზიაში მუშაობის ხანგრძლივობისა, არ სარგებლობს რაიმე ტიპის პრივილეგიით (მაგ: შვებულების ხანგრძლივობა, უპირატესობის მიცემა შვებულებისა და მივლინების გრაფიკის შედგენისას, გიმნაზიაში დადგენილი ქცევის წესების დაცვა, სამსახურში მოსვლა-წასვლის გრაფიკი და ა.შ.). ყველა ვალდებულია თანასწორობის პრინციპის დაცვით დაემორჩილოს სკოლის შესაბამის წესებს.

           

           

          მუხლი 4. სამსახურში მიღების წესი

          1. სკოლა-გიმნაზიაში თანამშრომელთა დასაქმება ხდება ობიექტურობის, თანასწორობის, არადისკრიმინაციული და საჯაროობის პრინციპების დაცვით.

          2. გიმნაზიაში თანამშრომლის მიღების პროცედურა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

          ა) განცხადებების მიღება, შეფასება/გადარჩევა;

          ბ) გასაუბრება;

          3. კონკურსის თაობაზე ინფორმაცია არის საჯარო და იგი ქვეყნდება  გიმნაზიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ან ვრცელდება სხვა საჯარო ფორმით (pedagogi.ge).

          4. გიმნაზიაში დასაქმების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს განცხადება, რომელსაც თანდართული უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები: კურიკულუმ ვიტა (CV), ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი, პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა ნასამართლეობის შესახებ,  ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის შესახებ,  1 (ერთი) ფოტოსურათი.  მასწავლებლის სერთიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.  ასევე კომპეტენტური პირების რეკომენდაცია, დაინტერესებული პირები განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარუდგენენ სკოლის საქმის მწარმებელს.

          5. კონკურსის ჩატარების დრო და რიცხვი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.

          6. საბუთების გადარჩევის შემდგომ, შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ზეპირი გასაუბრება.

          7. კანდიდატებთან გასაუბრებისას უპირატესობა ენიჭება იმ პირებს, რომლებიც გასაუბრებისას გამოავლენს შემგედ უნარ-ჩვევებს: კარგი მეტყველება, სამუშაო გამოცდილება, მოტივაცია, საგნობრივი კომპეტენცია.

          8. კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატი თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს - 6 თვისა. გიმნაზიის დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია კანდიდატი თანამდებობაზე დაინიშნოს გამოსაცდელი ვადის გარეშე.

           

          მუხლი 5. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

          1. შინაგანაწესის მე-4 მუხლით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, შრომითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება ან/დასკოლა- გიმნაზიის დირექტორის ბრძანება.

          2.  ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე, დირექტორი ვალდებულია კანდიდატს  გააცნოს  ხელშეკრულებაში ასახული პირობები, თანამდებობრივი ინსტრუქცია, წინამდებარე შინაგანაწესი და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები.

          3. დასაქმებულის ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღება დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

           

          მუხლი 6. დამსაქმებლის საკუთრების დაცვა 

          1. დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესში შექმნილი ნებისმიერი ინტელექტუალური პროდუქტი ითვლება დამსაქმებლის საკუთრებად დასაქმებულის საავტორო უფლებების გათვალისწინებით.

          2. დასაქმებული ვალდებულია, დაიცვას და გაუფრთხილდეს დამსაქმებლის საკუთრებას, მიზნობრივად გამოიყენოს ყველა მატერიალური ფასეულობა, რომელიც გადაეცემა სამუშაოს შესასრულებლად. გადაცემული ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს.

          3. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის ქონებას ემუქრება განადგურების, დაზიანების ან არამართლზომიერი  ხელყოფის საფრთხე, დასაქმებულმა ამის თაობაზე უნდა აცნობოს დამსაქმებელს. თუ გარემოება მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას, ვალდებულია თავად მიიღოს აუცილებელი ზომები.

          4. დასაქმებულს უფლება აქვს, არასამუშაო მიზნებისათვის ისარგებლოს სამსახურებრივი ნივთებით მხოლოდ დამსაქმებლის ნებართვით.

          5. შრომითი ურთიერთობის დასრულებისას დასაქმებული ვალდებულია, დააბრუნოს დამსაქმებლის კუთვნილი ნივთები ასეთის არსებობის შემთხვევაში.

           

          მუხლი 7. დასაქმებულის გარეგნული მხარე და ჩაცმულობა

          1. დასაქმებული ვალდებულია სამუშაოს შესრულების დროს იზრუნოს შესაფერისი საქმიანი ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე. დაუშვებელია დასაქმებული იმოსებოდეს გამომწვევად ან/და ვულგარულად.

           

          მუხლი 8. სკოლა-გიმნაზიის ტერიტორიაზე აკრძალული ქმედებები

          1. სკოლა-გიმნაზიის ტერიტორიაზე დასაქმებულს ეკრძალება ყოველგავრი კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება, რითაც შესაძლებელია საფრთხე შეექმნას სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საკუთრებას ან მორალურ უფლებებს.

          2. დაუშვებელია გიმნაზიის ტერიტორიაზე თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარება.

           

           

          მუხლი 9. უსაფრთხო გარემოს შექმნა    

          1. „სკოლა-გიმნაზია“ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო.

          2. „სკოლა-გიმნაზია“ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის, მშობლის და დასაქმებულთა უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით, როგორც გიმნაზიის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე.

          3. გიმნაზია უზრუნველყოფს დასაქმებულთათვის შრომის კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნას, ყველა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკურ მოწყობას და იქ შრომის ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება შრომის დაცვის წესებს (უსაფრთხოების წესებს, სანიტარულ ნორმებსა და ა.შ.).

          4. „სკოლა-გიმნაზიას“ უფლება აქვს სკოლა-გიმნაზიის შენობაში და გარე პერიმეტრზე მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით შეზღუდოს გარეშე პირთა დაშვება, დააყენოს ვიდეო სათვალთვალო კამერები ან დაადგინოს უსაფრთხოების სხვა ზომები.

          5. „სკოლა-გიმნაზია“ უფლებამოსილია სკოლა-გიმნაზიის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაადგინოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წესი ნებისმიერი პირისათვის თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი:

          ა) ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების ხელყოფის;

          ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა;

          გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ  წაქეზებისა;

          დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, გიმნაზიის საქმიანობის ან გიმნაზიის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლის.

          6. „სკოლა-გიმნაზიას“ უფლება აქვს მოსთხოვოს დასაქმებულს სამედიცინო ან/და ნარკოლოგიური შემოწმება და  ცნობა ნასამართლობის შესახებ.  

          7. სკოლა-გიმნაზიის დირექტორს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრებას.

          8. სკოლა-გიმნაზიის დირექტორი ვალდებულია, უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას დასაქმებულს და გარეშე პირს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი. 

          9. სკოლა-გიმნაზიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

           

          მუხლი 10.  სამუშაო და დასვენების  დრო

          1. სამუშაო დრო იწყება დილის 09:30 საათზე და გრძელდება 17:00 საათამდე.

          2. გაკვეთილის ხანგრძლივობა III—XII კლასში განისაზღვრება  45 წუთით, შესვენებები გაკვეთილებს შორის Ш—XII კლასისათვის  განისაზღვრება 5 წუთით, ხოლო მესამე გაკვეთილის შემდეგ  შესვენება განისაზღვრება 10 წუთით.  I კლასში  გაკვეთილის ხანგრძლივობა არის 35 წუთი,  შესვენებები გაკვეთილებს შორის განისაზღვრება 10 წუთით, ხოლო მეოთხე გაკვეთილის შემდეგ  შესვენება განისაზღვრება 20 წუთით.  II კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 წუთით. შესვენებები გაკვეთილებს შორის განისაზღვრება 10  წუთით, ხოლო მეოთხე გაკვეთილის შემდეგ  შესვენება განისაზღვრება 15 წუთით. 

          3. მასწავლებლების სამუშაო დრო განისაზღვრება მათი საგაკვეთილო საათობრივი დატვირთვის შესაბამისად.

          4. „სკოლა-გიმნაზიის“ თანამშრომელთა სამუშაო დრო არ აღემატება კვირაში 40 (ორმოცი) საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

          5. სასწავლო დღეების ოპტიმალურ ვადებში ჩატარებისათვის შეიძლება სამუშაო დღედ გამოყენებული იყოს შაბათი, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს პედაგოგიურ საბჭოსთან და დადგენილი დირექტორის ბრძანებით.

          6. სამუშაო საათების გადანაწილებას მასწავლებელთა შორის არეგულირებს დირექტორის ბრძანება.

          7. გიმნაზიაში დაწესებულია 5 (ხუთი) დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, შაბათი დღის მეცადინეობა შეიძლება დაინიშნოს დამატებით სხვა და სხვა საგანში  აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.

          8. დასვენების დღეს წარმოადგენს შაბათი - კვირა. დასაქმებულს ასევე უფლება აქვს დაისვენოს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილი რელიგიური სადღესასწაულო დღეები.

          9. დასაქმებულს ეძლევა დასვენება 1 (ერთი) საათის განმავლობაში, მათი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე. შესვენება არ შედის სამუშაო დროში და დასაქმებული მას იყენებს თავისი სურვილის შესაბამისად, ისე, რომ ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესს. დროის ამ შუალედში მას ეძლევა სამუშაოს შესრულების ადგილიდან გასვლის უფლება.

          10. შრომის კოდექსით დადგენილ უქმე და დასვენების დღეებში, ასევე სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება, რომელიც  40 (ორმოცი) საათს აჭარბებეს კვირაში, მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის 1,3–ჯერ მეტი ოდენობით. 

          11. დასაქმებული, რომელიც სამსახურებრივ საქმეზე, თავისი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება „სკოლა-გიმნაზიის“ შენობის გარეთ, ითვლება სამსახურში  მყოფად.

          12. სამუშაოზე დაგვიანებად გამოცხადება მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაო ადგილზე 10 (ათი) წუთზე მეტი ხნით დაგვიანებით გამოცხადება.

          13. სამუშაოზე გამოუცხადებლობად ითვლება დასაქმებულის მიერ სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა.

          14. სამუშაოზე დაგვიანება და სამუშაო დროის სხვა სახის გაცდენის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ აცნობოს გიმნაზიის დირექტორს ან მის მოადგილეს. საპატიოდ ჩაითვლება, თუ გიმნაზიის დირექტორი დააკმაყოფილებს მის ზეპირ ან წერილობით თხოვნას დაგვიანების საპატიოდ ჩათვლის თაობაზე.

          15. სკოლა-გიმნაზიის დირექტორი უფლებამოსილია დაგვიანებასთან ან გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მოსთხოვოს დასაქმებულს მოხსენებითი ბარათის წარმოდგენა.

          16. სამუშაოზე არასაპატიოდ დაგვიანების ან/და სამუშაოს არასაპატიოდ გაცდენა წარმოადგენს  დისციპლინული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას.

          17. სკოლა-გიმნაზიაში ყოველი ახალი სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბერს, ხოლო დამთავრების დრო განისაზღვრება საქთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით

           

           

          მუხლი 11.   შრომის ანაზღაურება 

          1. სკოლა-გიმნაზიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით და ამ შინაგანაწესით.

          2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, უნაღდო ანაგარიშსწორების წესით, თანამშრომლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. გიმნაზია უფლებამოსილია დაადგინოს ანგარიშსწორების ბანკი. ანგარიშწორების ვალუტაა - ლარი.

          3.  სკოლა-გიმნაზიის ადმინისტრაციის მიზეზით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას თანამშრომელს მიეცემა ანაზღაურება სრული ოდენობით.

          4. მასწავლებლის ან თანამშრომლის მივლინება ითვლება აგრეთვე დამატებით სამუშაოდ და  ანაზღაურდება.

          5. თანამშრომლის მიზეზით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება. მასწავლებლის ბრალით გაცდენილი საგაკვეთილო საათის საფასური აუნაზღაურდება შემცვლელ მასწავლებელს.

          6. ერთი მასწავლების ჩანაცვლება მეორე მასწავლებლით განისაზღვრება დირექტორის გადაწყვეტილებით.

          7. ჩანაცვლებული მასწავლებლის შრომითი ანაზღაურება გამოითვლება შესრულებული სამუშაო საათების მიხედვით.

          8. სკოლა-გიმნაზიას უფლება აქვს დაუქვითოს თანამშრომელს შრომითი ანაზღაურებიდან ზედმეტად გაცემული თანხა. „სკოლა-გიმნაზიას“ უფლება აქვს ხელფასიდან დაქვითოს თანხა, რომელიც თანამშრომელს შრომითი ურთიერთობიდან ან/და შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების სახით წარმოეშვება „სკოლა-გიმნაზიის“ წინაშე.

          9. გიმნაზია ვალდებულია ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს თანამშრომელს დაყოვნებული თანხის 0,07 %.

          10. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანაგარიშსწორება არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

           

          მუხლი 12. შვებულება.

          ანაზღაურებადი შვებულების გადატანის საგამონაკლისო შემთხვევები,

          საშვებულებო ანაზღაურება და მისი გაცემის წესი,

          შვებულების შეწყვეტა.

          1. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, საქართველოს შრომის კოდექსით დადენილი წესითა და ოდენობით, რომელიც შეადგენს წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღეს.

          2. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ოდენობით.

          3. სკოლა-გიმნაზიის დირექტორი უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვროს ანაზღაურებადი შვებულების განსხვავებული ვადები და პირობები. ეს ვადები და პირობები არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.

          4. თანამშრომელს ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის გასვლის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

          5. ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება აქვთ პედაგოგებს ზაფხულის არდადეგების პერიოდში, მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებიდან მომდევნო ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

          6. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 (ორი) კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

          7. შვებულების მოთხოვნაზე უარი აუცილებლად უნდა დასაბუთდეს წერილობითი ფორმით.

          8. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

          9. დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 (სამი) თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია -  ნამუშევარი თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, ხოლო თუ იგი ყოველთვიურ ფიქსირებულ შრომის ანაზღაურებას იღებს - ბოლო თვის შრომის ანაზღაურების მიხედვით.  

          10. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია დასაქმებულის შვებულება შეწყვეტილ იქნეს იმ ვადაზე ადრე, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო. შვებულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატორი შესაძლებელია იყოს  დამსაქმებელი.

          11. დამსაქმებლის ინიციატივით შვებულების შეწყვეტა შესაძლებელია გამოწვეული იყოს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით და ობიექტური გარემოებით.

           

           

          მუხლი 13. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

           

          1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით.

          2. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

          3. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე.

          4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.

          5. ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების აღების შესახებ. დასაქმებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებად ნაწილს იყენებს თანამიმდევრობით, შესაბამისად, 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.

          მუხლი 14. მივლინება

           

          1. მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებითი შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე.

          2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღეს.

          3. მივლინების ხარჯებს აანაზღაურებს დამსაქმებელი.

          4. დასაქმებული ვალდებულია მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ დამსაქმებელს წარუდგინოს შესაბამისი დამოწმებული დოკუმენტაცია ხარჯების თაობაზე.

          მუხლი 15. შრომითი ურთიერთობების შეჩერება /შეწყვეტა

          1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ურთიერთობის საფუძველზე გათვალისწინებული სამუშაოს დროებითი შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

          2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:

          ა) გაფიცვა;

          ბ) ლოკაუტი;

          გ) აქტიური ან/და საარჩევნო უფლების განხორციელება;

          დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევბში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადება;

          ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;

          ვ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;

          ზ) შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშის მოვლის გამო;

          თ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება, მაგრამ არა უმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა წელიწადში;

          ი) დროებითი შრომისუუნარობა თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 (ორმოცი) კალენდარულ დღეს, ან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში საერთო ვადა არ რემატება 60 (სამოცი) კალენდარულ დღეს;

          კ) კვალიფიკაციის ამაღლება;

          ლ) ანაზღაურების გარეშე შვებულება;

          მ) ანაზღაურებადი შვებულება.

          3. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია:

          ა)მხარეთა შეთანხმებით;

          ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას;

          გ) ხელშეკრულების ვადის გასვლის შემთხვევაში;

          დ) სკოლის მოქმედი შინაგანაწესის ან/და სხვა ნორმატიული აქტების დარღვევის შემთხვევაში;

          ე) დასაქმებული კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ–ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/ შესასრულებელ სამუშაოსთან;

          ვ) დასაქმებული მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

          ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 (ერთი) წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

          თ) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 (ორმოცი) კალენდარულ დღეს ან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 (სამოცი) კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს კანონით გათვალისწინებული შვებულება;

          ი) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;

          კ) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას;

          ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

          4. ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება გიმნაზიის დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

          5. დასაქმებული ვალდებულია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს სამსახურთან დაკავშირებული და მისთვის მინდობილი დოკუმენტაციისა და სხვა მინდობილი ქონების ჩაბარება დირექციისათვის.

          მუხლი 16. თანამშრომლის წახალისების წესი  

          1. თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის,  და სხვა სახის წარმატებისათვის გამოიყენება წახალისება.

          წახალისების ფორმებია:

          ა) წერილობითი მადლობის გამოცხადება;

          ბ)  ფასიანი საჩუქარი;

          გ) ერთჯერადი ფულადი პრემია;

          დ) ხელფასის მომატება;

          ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა.

          2. დასაქმებულის მიმართ წახალისების ზომების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს  სკოლა-გიმნაზიის დირექტორი.

          3.   შეიძლება  ერთდროულად  გამოყენებული  იქნეს  რამდენიმე   წახალისების  ფორმა.

          მუხლი 17. საგნობრივი კათედრები

          1. სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სკოლა-გიმნაზიაში ფუნქციონირებს საგნობრივი კათედრები. თითოეული   კათედრა    ახორციელებს    ეროვნული   სასწავლო    გეგმით,   სკოლის     შინაგანაწესითა  და  სასკოლო სასწავლო  გეგმით გათვალისწინებული  საქმიანობას.

          2. კათედრას     ხელმძღვანელობს:  –  კათედრის   გამგე.  კათედრის   გამგეს ირჩევს  კათედრა. სხდომის მდივანი, კათედრის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. სხდომის მდივანს ნიშნავს კათედრის გამგე.

          3. კათედრის გამგეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით. ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის გამგედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.

          4. კათედრა იკრიბება სასწავლო წლს განმავლობაში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

          5. კათედრის ვალდებულებებია:

          ა) ოლიმპიადების და კონფერენციების ჩატარება;

          ბ)  შემაჯამებელი დავალების ამსახველი დოკუმენტების ანალიზი;

          გ) შეადგინოს წიგნთა ნუსხა ბიბლიოთეკის ფონდის შესავსებად;

          დ) სხვა კათედრებთან ურთიერთანამშრომლური მუშაობა;

          ე) მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;

          ვ) რეკომენდაციები სწავლა სწავლების სფეროში ინოვაციუების დანერგვასთან დაკავშირებით.

          6. კათედრის გამგის ვალდებულებებია:

          ა) კათედრის მუშაობის ორგანიზება;

          ბ) სხვა კათედრებთან ურთიერთანამშრომლური მუშაობის უზრუნველყოფა;

          გ) კათედრის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების კონტროლი, შედეგების ანალიზი;

          დ) კათედრის წევრთა მუშაობის მონიტორინგი;

          ე) კათედრის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოება;

          ვ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;

          ზ) სემესტრული და წლიური ანგარიშის წარდგენა პედაგოგიური საბჭოსთვის;

          თ) კათედრის ეფექტური მუშაობისათვის აერთიანებს მონათესავე დისციპლინებს;

          ი) სკოლის მართვის ორგანოების ინფორმირება კათედრის შეხვედრებთან დაკავშირებით.

           

          მუხლი 18. გახანგრძლივებული მასწავლებელი

          1. სკოლა-გიმნაზიის მშობელთა სურვილის შემთხვევაში დაწყებით საფეხურზე შესაძლოა ფუნქციონირებდეს გახანგრძლივებული მასწავლებლის ინსტიტუტი.

          2. გახანგრძლივებული მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილების მომზადებაში დღის მეორე ნახევარში და მას არ მოეთხოვება მასწავლებლის კვალიფიკაცია.

          3. გახანგრძლივებული მასწავლებლის უფლება-მოვალეობები გაწერილია შრომით ხელშეკრულებასა და თანამდებობრივ ინსტრუქციაში.

          მუხლი 19. გიმნაზიის შიდა კონტროლის განხორციელების წესი და ფორმები

          1. სკოლა-გიმნაზიის შიდა კონტროლის სისტემას სასკოლო საზოგადოებასთან ერთად შეიმუშავებს დირექტორი  და ასახავს მის მიერ გამოცემულ ბრძანებასა თუ სხვა ნორმატიულ აქტებში.

          2. გიმნაზიის შიდა კონტროლის მექანიზმებია:

          ა) სასწავლო – აღმზრდელობითი პროცესის მიმდინარეობისა და საგანმანათლებლო მიზნების შესრულების შესწავლა და შედეგების განხილვა პედაგოგიურ საბჭოსა და  კათედრის სხდომებზე.

          ბ) საგაკვეთილო პროცესის სრულფასოვანი ჩატარებისათვის სასწავლო თემატურ-კალენდარული გეგმების შექმნა.

          გ) საჩვენებელი გაკვეთილების ორგანიზება – ჩატარება და პედაგოგთა მეთოდოლოგიებისა და გამოცდების წარმოჩენა/განზოგადება.

          დ) დაკვირვება პედაგოგზე, რაც გამოიხატება: გაკვეთილზე დასწრებითა და მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების აღრიცხვით.

          ე) ცალკეულ საგნებში მოსწავლეთა მოსწრების პერიოდული მონიტორინგის გეგმა განისაზღვრება სასწავლო წლის დასაწყისში, რაც გამოიხატება: შიდა სასკოლო წერის, ტესტირების, კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდების, პროექტების მომზადება–პრეზენტაციის, სასკოლო ოლიმპიადებისა და კონფერენციების ორგანიზებითა და მისგან გამომდინარე შედეგების ანალიზით.

          მუხლი 20. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომა.

          დისციპლინური საქმის წარმოება

          1. დასაქმებულის მიერ დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:

          ა) შრომის ხელშეკრულებების ან/და შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა შეუსრულებელობა ან არაჯეროვანი შესრულება;

          ბ) სკოლა-გიმნაზიის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე გიმნაზიის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;

          გ) სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;

          დ) სკოლა-გიმნაზიის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა;

          ე) სამსახურეობრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

          ვ) სკოლა-გიმნაზიისათვის  ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

          ზ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან დასაქმებულისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ ან სოციალურ ქსელში;

          თ) სამსახურში დაგვიანება 10 (ათი) წუთზე მეტი დროით (3ჯერ) როგორც გაკვეთილებს შორის ასევე, დილით გიმნაზიაში გამოცხადება.

          ი) სასწავლო პროცესის გაცდენა სამჯერ არასაპატიო მიზეზით;

          კ) მასწავლებლის მიერ სასკოლო ელექტრონული ჟურნალის არაჯეროვნად წარმოება;

          ლ) დასაქმებულის მხრიდან ნებისმიერი ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობით ან აღნიშნული შიანაგანაწესით, მაგრამ თავისი ბუნებით წარმოადგენს არამართლზომიერს და ეწინააღმდეგება სკოლის ინტერესებს.

          2. დისციპლინური სახდელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს ეცნობება დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ და მოეთხოვება წერილობითი ახსნა-განმარტება. ამასთან, ეძლევა საშუალება, გაეცნოს დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მასალას და წარმოადგინოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება საკითხის განხილვისას. საჭიროების შემთხვევაში, ახსნა-განმარტება შეიძლება ჩამოერთვას ნებისმიერ პირს, მათ შორის, დასაქმებულის ინიციატივით, რომელსაც შეიძლება შეხება ჰქონდეს გამოსარკვევ საკითხთან.

          3. დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას გაეცნობა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირი და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანება დაერთვება დასაქმებულის პირად საქმეს.

           

          მუხლი 21. დისციპლინური სახდელები

          1. თანამშრომლის მიერ ამ წესის 21-ე მუხლით  განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომებიდან ერთ–ერთის ჩადენის, დისციპლინური წარმოების შედეგად დადასტურების შემთხვევაში შეიძლება დაკისრებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ–ერთი დისციპლინური სახდელი.

          2. ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით დისციპლინური სახდელებია:

          ა)  შენიშვნა;

          ბ) საყვედური;

          გ) სასტიკი საყვედური;

          დ) ხელფასის 15 % დაქვითვა;

          ვ) სამსახურიდან გათავისუფლება.

          3. დასაქმებულს შენიშვნა  გამოეცხადება წინამდებარე შინაგანაწესის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  „ა“, „ე“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების პირველად  გადაცდომის შემთხვევაში. სახდელდადებულის მიერ სამი თვის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში  გამოეცხადება საყვედური, ხოლო  იმავე ქმედების სახდელის მოქმედების პერიოდში მესამედ ჩადენისას პირს სახდელის სახედ დაეკისრება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

          4. დასაქმებულს საყვედური გამოეცხადება წინამდებარე შინაგანაწესის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების პირველად გადაცდომის შემთხვევაში. სახდელდადებულის მიერ ექვსი თვის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირს სახედელის სახედ დაეკისრება 10 (ათი) კალენდარული ვადით ხელფასის დაკავება, ხოლო იმავე ქმედების სახდელის მოქმედების პერიოდში გადაცდომის მესამედ ჩადენისას დასაქმებულს სახდელის სახედ დაეკისრება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

          5. დასაქმებულს  სასტიკი საყვედური გამოეცხადება წინამდებარე შინაგანაწესის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების პირველად გადაცდომის შემთხვევაში. სახდელდადებულის მიერ იმავე ქმედების ექვსი თვის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში, დასაქმებულს სახდელის სახედ დაეკისრება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

          6. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახდელი.

          7. დაუშვებელია ისეთი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც არ არის გათვალისწინებული შინაგანაწესით.

          8. დაუშვებელია დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისათვის თავისუფალ დროს ან გიმნაზიის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ქმედება მიმართული იყო გიმნაზიის  ინტერესების საზიანოდ.

          9. თანამშრომლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შეიტანება მის პირად საქმეში.

          10. დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ერთი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც ცნობილი გახდა მომხდარი გადაცდომის შესახებ.

          11. დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა დასაქმებულის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ:

          ა) დასაქმებულისათვის შენიშვნის გამოცხადების დღიდან გასულია სამი თვე და მას არ დაეკისრა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა;

          ბ) დასაქმებულისათვის საყვედურის ან სასტიკი საყვედურის გამოცხადების დღიდან გასულია ექვსი  თვე  და მას არ დაეკისრა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა.

          12. დასაქმებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არ შეიძლება მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს.

          13.  დისციპლინული პასუხისმგებლობის დამდებ პირს უფლება აქვს ვადამდე ადრე მოუხსნას პასუხისმგებლობა, თუ მან თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მუშაკმა და არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა.

          მუხლი 22. დისციპლინური წარმოების დაწყება

          1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

          ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, მასწავლებლის, ან  გიმნაზიაში დასაქმებული სხვა პირთა წერილობითი განცხადება.

          ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

          2. დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს: ასევე სკოლის დირექტორისა და დისციპლინურ საბჭოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

          3. ამ მუხლის 1–ლი და მე–2 პუნქტით გათვალისწინებული პირები დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით წერილობით მიმართავენ დისციპლინურ კომიტეტს, რომელიც განიხილავს დისციპლინურ გადაცდომებს.

          მუხლი 23. დისციპლინური სამართალწარმოების წესი

          1.დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

          2. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს დისციპლინურ კომიტეტთან დისციპლინური წარმოებისას.

          3.საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია:

          ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;

          ბ) შეაგროვოს ცნობები;

          გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;

          დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;

          ე) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;

          ვ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

          4. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

          5. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლების თხოვნით.

          6. შუამდგომლობასთან დაკავშირებით დისციპლინური კომიტეტი 2 (ორი) დღის ვადაში იღებს ერთ–ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

          ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

          ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

           

          მუხლი 24. დისციპლინური წარმოებაში მონაწილე მხარის პროცესუალური გარანტიები

          1. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს დისციპლინური წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომელიც შეიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პერსონალურ, პროფესიულ, კომერციულ ან/და სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას.

          2. დისციპლინური წარმოების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს დისციპლინურ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

          3. დისციპლინურ წარმოებაში დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს დანიშნოს წარმომადგენელი.

          4. დაინტერესებული მხარე, რომელიც წარმოდგენილია სხვა პირით, უფლებამოსილია დაესწროს ყველა ზეპირ მოსმენას.

           

          მუხლი 25. დისციპლინური კომიტეტის სხდომის ჩატარების წესი

          1. დისციპლინური კომიტეტის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე.

          2. დისციპლინური კომიტეტის სხდომის თავმჯდომარეს ირჩევს დისციპლინური კომიტეტი, ყოველი ახალი სხდომის წინ, ხოლო სხდომის მდივანს ნიშნავს არჩეული თავმჯდომარე.

          3. სხდომის თავმჯდომარეს სხდომა მიჰყავს დღის წესრიგის შესაბამისად.

           

          მუხლი 26. კვორუმი

          1. დისპლინური კომიტეტის სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.

          2. დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლება, რომ კომიტეტი არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება.

           

          მუხლი 28. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება

          1. დისციპლინურ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინური კომიტეტის ის წევრი, რომელიც:

          ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;

          ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად;

          გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

          დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

          2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, ნათესავებად ითვლებიან:

           ა) მეუღლე;

          ბ) დანიშნული;

          გ) პირდაპირი ხაზის ნათესავები;

          დ) და-ძმა;

          ე) დისშვილები და ძმისშვილები;

          ვ) მშობლების და-ძმები;

          ზ) დანათესავებულები (მოყვრები);

          თ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი.

          3. დისციპლინური კომიტეტის წევრი ვალდებულია დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს აცნობოს ამ მუხლით აღნიშნული გარემოებებისა და თვითაცილების შესახებ.

           

          მუხლი 29. მხარის განცხადება აცილების შესახებ

          1. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს დისციპლინური კომიტეტის წავრის აცილების საფუძველი, უფლება აქვს წერილობით განუცხადოს მას აცილება.

          2. აცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.

          3. დისციპლინური კომიტეტის წევრის აცილების საკითხს დისციპლინური კომიტეტი წყვეტს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე.

          4. დისციპლინური კომიტეტის მონაწილე დაინტერესებული მხარე ვალდებულია აცილების შესახებ განცხადება წარადგინოს დასციპლინური წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 (ორი) დღის განმავლობაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.

          5. დისციპლინური კომიტეტი აცილებული წევრის/წევრები გარეშე განიხილავს საქმეს.

          6. დისციპლინური კომიტეტის ყველა წევრის აცილების შემთხვევაში საქმეს განიხილავს დირექტორი.

           

          მუხლი 30. დისციპლინური კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღება

          1. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

          2. დისციპლინური კომიტეტი გადაწყვეტილებას დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იღებს მიმართვის წარდგენიდან 7 (შვიდი)კალენდარული დღის ვადაში.

          3. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმით.

          4. დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმში აისახება: დისციპლინური კომიტეტის დასახელება, დისციპლინური კომიტეტის სხდომის ადგილი, თარიღი, მისი დაწყების დრო, განხილვის საგანი სხდომის მიმდინარეობა, დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობა, დამსწრეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები, კენჭისყრის შედეგები, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შინაარსი, სხდომის დამთავრების დრო.

          5. დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმს ხელს აწერს დისციპლინური კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

          6. დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ დისციპლინური კომიტეტის ოქმი, ბრძანების გამოცემის მიზნით, ოქმის შედგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გიმნაზიის დირექტორს.

           

          მუხლი 31. დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით გიმნაზიის დირექტორის მიერ ბრძანების გამოცემა

          1. სკოლა-გიმნაზიის  დირექტორი უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტის ამ წესის 30-ე მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება -  დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, ოქმის მიღებიდან არაუმეტეს 2 (ორი)  სამუშაო დღის ვადაში.

          2. იმ შემთხვევეში თუ გიმნაზიის დირექტორი არ იზიარებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას  დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, გიმნაზიის დირექტორი ვალდებულია დისციპლინურ კომიტეტსა და დაინტერესებულ პირს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, წერილობითი ფორმით დაუსაბუთოს უარი დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემაზე.

          3. დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით გიმნაზიის დირექტორის მიერ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, გიმნაზიის დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განუმარტოს პირს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.

           

          მუხლი 32. დაინტერესებული პირის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენა  დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით დირექტორის მიერ ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შემთხვევაში

          1. დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით დირექტორის მიერ ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების გამოცემამდე გიმნაზიის დირექტორი ვალდებულია მისცეს დაინტერესებულ პირს უარმყოფელ გარემოებათა შესახებ აზრის წარდგენის შესაძლებლობით:

          ა) უარი ეფუძნება ინფორმაციას დაინტერესებული პირის შესახებ;

          ბ) ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან.

          2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ დაინტერესებულ პირს უკვე წარდგენილი აქვს საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც ბრძანების გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ინტერესს. ასეთ შემთხვევაში გიმნაზიის დირექტორი ვალდებულია მიუთითოს, თუ რა გადაუდებელი გარემოება არსებობს.

           

          მუხლი 33. დისციპლინური წარმოების სპეციალური წესი

          1. იმ შემთხვევაში თუ დისციპლინური კომიტეტი ამ შინაგანაწესით დადგენილი წესით მოწვეულ იქნება ორჯერ და არ შედგება კვორუმი ამ წესდების 27-ე მუხლის შესაბამისად, გიმნაზიის დირექტორი უფლებამოსილია განიხილოს დისციპლინური გადაცდომის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით.

          2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა გამოკვლევისას გიმნაზიის დირექტორი ხელმძღვანელობს დისციპლინური საქმის წარმოების დადგენილი წესის შესაბამისად.

          3. ამ მუხლის 1–ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გიმნაზიის დირექტორი გადაწყვეტილებას  დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იღებს დისციპლინარული საქმის წარმოების დაწყებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.

          4. გიმნაზიის დირექტორის მიერ მიღებული ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

           

           

          მუხლი 34. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდი

          დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა და ვადაზე მოხსნის წესი

          1.დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში დასაქმებულის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს გიმნაზიის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

          2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის წესი განისაზღვრება გიმნაზიის შინაგანაწესით.

          3. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ან დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ დასაქმებულს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი.

           

          მუხლი 35. დისციპლინური წარმოების დაწყების ხანდაზმულობის ვადა

          1. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დაისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) წლისა.

           

           

          კარი II

          სკოლა-გიმნაზიისა და მოსწავლის სამართლებრივი ურთიერთობა

          მუხლი 36. მოსწავლის გიმნაზიაში მიღების წესი

          1.  პირველ კლასში ბავშვები მიიღებიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან.

          2. სკოლა-გიმნაზიაში  მოსწავლის მიღებისას მშობელსა და სააღმზრდელო დაწესებულებას შორის იდება ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოხდება მოსწავლის ჩარიცხვა შესაბამის კლასში. ჩარიცხვისათვის მშობელმა უნდა წარმოადგინოს:

          ა) დაბადების მოწმობის ნოტარიულად დადასტურებული ასლი;

          ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

          გ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 100).

          4. II-XII კლასებში მოსწავლის ჩასარიცხად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა დამატებით წარმოსადგენია მოსწავლის მიერ წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

          5. სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.

          6. მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

          ა) მოთხოვნა სკოლის მიერ;

          ბ) მოსწავლის პირადი საქმე/წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

          გ) მიმდინარე ან სემესტრული შეფასება;

          დ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;

          ე) დაბადების მოწმობის  ნოტარიულად დადასტურებული ასლი;

          ვ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.

          ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 100.

          7. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დირექტორის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით.

          8.   მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლა-გიმნაზიაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს ავტორიზაციის შედეგად  გიმნაზიაში მისაღებ მოსწავლეთა დადგენილ ოდენობას.

          9. მომდევნო კლასში მოსწავლის გადასვლა დასაშვებია თუ მოსწავლემ ჩააბარა ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ასევე ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

          10. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.

          მუხლი 361. მოსწავლის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) და სკოლა-გიმნაზიის უფლება–მოვალეობანი

          1.ყველა მშობელი ან/და კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია დაემორჩილოს

          სკოლა-გიმნაზიის შინაგანაწესს, წესდებას და მათთან დადებულ ხელშეკრულებას. იგი ვალდებულია ხელი შეუწყოს სკოლა-გიმნაზიის სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებას.

          2. გიმნაზიაში მომუშავე დამრიგებელი ვალდებულია მოსწავლის მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) თვეში ერთხელ წერილობით, სატელეფონო საშუალებით, ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობოს მოსწავლის მიღწევების, აკადემიური მოსწარების და ქცევის შესახებ. წერილობითი ან/და ელექტრონული შეტყობინება მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) გაეგზავნება გიმნაზიისათვის ცნობილ ფაქტობრივ ან/და ელექტრონული ფოსტი მისამართზე.

           

          მუხლი 37. მოსწავლეთა რაოდენობის განსაზღვრა.

          კლასების შექმნა, გაყოფა და გაერთიანება

          1. კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა ყველა საფეხურზე განისაზღვრება 25 (ოცდახუთი) მოსწავლით.

          2. ამ მუხლის 1–ლი პუნქტით დადგენილ ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დასაშვებია დირექტორის გადაწყვეტილებით და იგი არ უნდა აჭარბებდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დამტკიცებულ მაქსიმალურ ოდენობას.

          3. ამ მუხლის 1–ლი პუნქტით განსაზღვრულ მოსწავლეთა რაოდენობის გადაჭარბების შემთხვევაში დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას პარალელური კლასი თუ  პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური ოდენობა იქნება  13 (ცამეტი).

          4. თუ სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მოძრაობის გამო კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღარ იქნება ამ მუხლის 1–ლი და მე–3 პუნქტებით განსაზღვრული ოდენობის, გიმნაზია უფლებამოსილია მოახდინოს პარალელური კლასების გაერთიანება.

          5. კლასის შექმნის, გაყოფის ან გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი.

           

          მუხლი 38.  მოსწავლის  ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე 

          1. მოსწავლე ვალდებულია სკოლა-გიმნაზიაში გამოცხადდეს გიმნაზიის მიერ არჩეული შესაბამისი ფორმით,  რომლის ესკიზებიც შთანხმებული და ხელმისაწვდომია მშობლისათვის.

           

          მუხლი 39. მოსწავლეთა ვალდებულებები 

          1. ყველა მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს სკოლა-გიმნაზიის წესდებას, შინაგანაწესს და მოსწავლეთა ქცევის კოდექსს.

          2. მოსწავლე ვალდებულია სისტემატურად დაესწროს გაკვეთილებს.

          3.  გაკვეთილების თვითნებურად მიტოვება, განიხილება როგორც ქცევის კოდექსის დარღვევა და ითვალისწინებს დისციპლინურ სახდელს.

          4. მოსწავლე ვალდებულია აკონტროლოს საკუთარი მეტყველება, ქცევა და მანერები არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, არამედ გიმნაზიის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ ღონისძიების მიმდინარეობისას.

          5. მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს, არ დაკარგოს და დააბრუნოს ყველა ის ნივთი, რომელსაც სკოლა-გიმნაზია მას დროებითი სარგებლობისათვის გადასცემს.

          6. ნივთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, იგი   მშობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.

          7. მოსწავლე ვალდებულია დაუბრუნოს წიგნი სკოლა-გიმნაზიას, ბიბლიოთეკის დებულებით განსაზღვრულ ვადაში.

          8. მოსწავლე ვალდებულია იყოს თავაზიანი და ყურადღებიანი სხვათა მიმართ. ქცევა ან სიტყვიერი მიმართვა, რომელიც შეურაცხყოფს სხვათა ღირსებას, არღვევს პიროვნების ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას, ითვლება დისციპლინურ გადაცდომად.

          9. მოსწავლე 14 წლის ასაკიდან პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების წინაშე, მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, სკოლა-გიმნაზიაში იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში.

          10. მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის შენობას, მასში არსებულ მოწყობილობებს და აღჭურვილობას და დაზიანების შემთხვევაში აღადგინოს იგი თავად ან სხვათა დახმარებით.

           

          მუხლი 40. შეფასების სისტემა

          1. მოსწავლის ცოდნა ფასდება ათ ბალიანი სისტემით.

          2. სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთათვის ფუნქციონირებს  დამატებითი სტუდიური მეცადინეობები. სტუდიურ შექმნასა და გაუქმებაზე გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი.

          3. სტუდიური სწავლებისათვის მოწვეულნი არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომელთანაც დადებულია მომსახურების ხელშეკრულებები.

           

          მუხლი 41. მოსწავლის წახალისების ფორმები 

          1. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგების ან/და საზოგადოებრივ საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსწავლის წახალისების შემდეგი ფორმები:

          ა) მადლობის გამოცხადება;

          ბ) სიგელით დაჯილდოება;   

          გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;  

          დ) გამოცდის ავტომატურად  შეფასება.

          2. მოსწავლის მიმართ წახალისების ზომების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი.

          3.   შეიძლება  ერთდროულად  გამოყენებული  იქნეს  რამდენიმე   წახალისების  ფორმა.

           

          მუხლი 42. მოსწავლეთა დისციპლინური საქმის წარმოების თავისებურებანი

          1. მოსწავლეთა დისციპლინური წარმოებისას გამოიყენება ამ შინაგანაწესის დადგენილი წესები ამ მოსწავლეთა დისციპლინური საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით.

           

          მუხლი 43. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა/დისციპლინური სახდელი

          1.  მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

          ა) სამჯერ დაგვიანება გაკვეთილებზე 10 (ათი) წუთით;

          ბ) გაკვეთილის ჩაშლა;

          გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;

          დ) მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლა-გიმნაზიაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა;

          ე) სკოლის ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება;

          ვ) მობილური ტელეფონით სარგებლობა  სასწავლო პროცესის მსვლელობისას თუ ეეს არ ემსახურება სასწავლო მიზნებს;

          ზ) მოსწავლის გამოცხადება სკოლა-გიმნაზიაში შემდეგი ნივთებით: თამბაქოს ნაწარმი; ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთები; რომლებიც შეილება გამოყენებული იქნას იარაღად; სანთებელა ან ასანთი; ალკოჰოლური საშუალებები; ტექნიკური საშუალეები რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ძვირადღირებული ნივთები, დიდი ოდენობით ფული; აზარტული თამაშის საშუალებები; უხამსობის ამსახველი ნივთები; ნარკოტიკული საშუალებები; ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები, ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; მოსწავლეთა ქცევის კოდექსის სხვაგვარი დარღვევა; მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა.

          2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

          ა) შენიშვნა;

          ბ) საყვედური;

          გ) სასტიკი საყვედური;

          დ) შრომითი საქმიანობის განხორციელება ერთჯერადად (სკოლის ტერიტორიის დასუფთავება) არაუმეტეს 2 (ორი) საათისა;

          3. მოსწავლეს შენიშვნა გამოეცხადება წინამდებარე შინაგანაწესის 43–ე მუხლის 1–ლი პუნქტის  "ა", და "ვ" ქვეპუნქტების პირველად გადაცდომის შემთხვევაში. სახდელდადებულის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მოსწავლეს გამოეცხადება  საყვედური, ხოლო იმავე ქმედების სახდელის მოქმედების პერიოდში მესამედ  გადაცდომისას გამოეცხადება სასტიკი საყვედური.

          4. მოსწავლეს  საყვედური გამოეცხადება წინამდებარე შინაგანაწესის 43–ე მუხლის 1–ლი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის პირველად გადაცდომის შემთხვევაში. სახდელდადებულის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მოსწავლეს სახდელის სახედ გამოეცხადება სასტიკი საყვედური, იმავე ქმედების მესამედ ჩადენის შემთხვევაში მოსწავლეს დაეკისრება შრომითი საქმიანობის განხორციელება.

          5. მოსწავლეს  სასტიკი საყვედური გამოეცხადება წინამდებარე შინაგანაწესის 43–ე მუხლის 1–ლუ პუნქტის „გ“, „დ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტების პირველად დარღვევის შემთხვევაში. სახდელდადებული იმავე ქმედების განმეორებით გადაცდომის შემთხვევაში, მოსწავლეს სახდელის სახედ დაეკისრება შრომითი საქმინობის განხორციელება.

           

           

           

          მუხლი 44.  მოსწავლეთა დისციპლინური წარმოება

          1. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

          ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, გიმნაზიაში დასაქმებული სხვა პირის, მოსწავლეთა თვითმმართველობის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს გიმნაზიაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

          ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მოსწავლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

          2. დისციპლინური სახდელების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დისციპლინური კომიტეტი, რომელიც დასამტკიცებლად უნდა გადაეგზავნოს გუიმნაზიის დირექტორს.

          3.  დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.

          4. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების,  აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.

          5. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ იქნება აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დამსწრეთა მიერ.

          6. სკოლა-გიმნაზია ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ  გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.

          7. მოსწავლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით და შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში.

          8. მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება  მოეხსნას თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით და აქვს გარკვეული მიღწევები. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით და შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში.

          9. მოსწავლის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა 43–ე მუხლის მე–2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით ჩადენილი გადაცდომის შეადგენს 2 (ორი) თვეს. თუ მოსწავლეს 2(ორი) თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური  სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. 43–ე მუხლის მე–2 პუნქტის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით ჩადენილი გადაცდომის მოქმედების ვადა შეადგენს 3 (სამი) თვე, თუ მოსწავლეს 3(სამი) თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური  სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ,  ხოლო 43–ე მუხლის მე–2 პუნქტის "ე" და  "ვ"  ქვეპუნქტებით ჩადენილი გადაცდომის მოქმედების ვადაა 4  (ოთხი) თვე, თუ მოსწავლეს 4(ოთხი) თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური  სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

          10. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მოსწავლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს სკოლის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

           

          მუხლი 45. მოსწავლის ზედაპირული დათალიერება

          1. ზედაპირული დათვალიერება – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება გიმნაზიაში, გიმნაზიის დირექტორის (დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილე) მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით, სპეციალური დეტექტორის საშუალებით ან და მოსწავლის და მშობლის შეთანხმებით  პირადი ნივთების დათვალიერება უკონტაქტო.

          2. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის (დირექტორის მოადგილე) მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს, სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.

          3. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა.

          4. ზედაპირული დათვალიერებას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის და მშობლის გაფრთხილება.

          5. დაუშვებელია მოსწავლის ზედაპირული დათვალიერება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დათვალიერების  შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა.

          მუხლი 46. დავა

          1. დავა არის შრომითი ან/და სამართლებრივი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის ურთიერთობის მხარეთა კანონიერ ინტერესებში.

          2. დავის განხილვა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს და მათ წარმომადგენლებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს დავა.

          3. გიმნაზიაში დავების განხილვა ხდება წინამდებარე შინაგანაწესით განსაზღვრული წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

           

          მუხლი 47. საჩივრის/განცხადების და დავის განხილვის წესი

          1. დავის წარმოშობის დროს მხარე, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, წერილობითი საჩივრით მიმართავს გიმნაზიის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ.

          2. სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა და დავის მხარემ ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა დავა გადაწყვიტონ შემათანხმებელი პროცედურებით, ინდივიდუალური მოლაპარაკებით.

          3. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია გაასაჩივროს დირექტორის გადაწყვეტილება სასამართლო წესით.

           

          მუხლი 48. შინაგანაწესში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის წესი

          1. შინაგანაწესსში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა განხორიციელდება დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

          2. შინაგანაწესით დადგენილი პირობების დროებით შეცვლა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გარეშე შესაძლებელია. გამონაკლისის სახით დაიშვას მხოლოდ მაშინ, თუკი იგი განპირობებულია ფორსმაჟორული მდგომარეობით, გამომდინარეობს დასაქმებულთა ინტერესებიდან, ამსუბუქებს ან აუმჯობესებს მათ მდგომარეობას და ატარებს დროებით ხასიათს.

           

          მუხლი 49. დასკვნითი დებულებანი

          1. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად სკოლის ყველა თანამშრომლისთვის, მოსწავლისათვის და მოსწავლის მშობლისათვის.

          2. შინაგანაწესი განთავსდება სკოლის შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას.

          3. სკოლა-გიმნაზიის თანამშრომლები, შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე დაადასტურებენ შესაბამის აქტზე ხელმოწერით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შინაგანაწესის განუყოფელ ნაწილს და თან დაერთვება თანამშრომლების პირად საქმეს.